გენერალური პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში" შევიდა. ეს კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების ტექნიკური მომსახურების გაწევით არის დაკავებული.
საქმე უკავშირდება 12 ვაგონის შეკეთებისთვის, 2023 წელს გაფორმებულ 13.7 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს, რომლის შესრულებაშიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანახმად, მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, რის გამოც მერიამ მთავარ პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება 2023 წლის ივნისში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მომსახურების მიწოდება 2023-2024 წლებში ხდებოდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა" არის ერთობლივი საწარმო, რომლის 50%-ის წილს ფლობს მერიის დაქვემდებარებაში არსებული "თბილისის სატრანსპორტო კომპანია", 50% კი კერძო საკუთრებაშია და ის "ინდუსტრიულ ინვესტმენტს" ეკუთვნის. თავის მხრივ აღნიშნული კომპანიის 50-50%-ის წილი ეკუთვნით გვანცა სალაყაიას და ნოდარ გაგუას. კომპანიის დირექტორია ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.
პროკურატურის განცხადებაში არაა მითითებული თუ უშუალოდ რამდენი მილიონი ლარის სავარაუდო გაფლანგვაზე მიმდინარეობს გამოძიება.
" აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.
მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - უთხრეს bm.ge-ს მერიაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, ჩატარდა.

