
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას.
DRI-ს თქმით, ამ ფაქტის ერთ-ერთი მაგალითი ივანიშვილის პარლამენტში დაინიცირებული ცვლილებების პროექტია, რის მიხედვითაც "ძალადაკარგულად ცხადდება სსს-ის შესახებ საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურაში გადადის".
DRI აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სამსახურების დაინიციირებული მოდელი რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს.
"ქართული ოცნება მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას - ამკაცრებს კანონმდებლობას, მაქსიმალურად ზღუდავს ინსტიტუციების ავტონომიას, აძლიერებს ძალოვან უწყებებს და ქმნის რეპრესიულ მმართველობის მოდელს.
აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითი პარლამენტში დაინიციირებული ცვლილებების პროექტებია, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის - ამასთან, ცვლილებები შედის ,"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის მარტში ცალკე უწყებად შეიქმნა, რასაც საფუძვლად "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის" ფარგლებში შეთანხმებული ვალდებულება დაედო. კერძოდ, ქვეყანა ვალდებული იყო არასათანადო მოპყრობის ბრძოლის მიზნით, ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა.
პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების წარმომადგენლები. შესაბამისად, სამსახურის მთავარი მანდატი მოხელის (მათ შორის, სუს-ის გამომძიებლების მხრიდან) მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიება წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ეფექტიანად არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კი აშკარა იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პარტიული მიკერძოება და უფუნქციობა, "ქართულმა ოცნებამ" ღიად თქვა უარი, ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების არსებობაზეც კი.
შესაბამისად, დაინიციირებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვით სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე აუცილებელია დამოუკიდებელი, სპეციალიზებული უწყების არსებობა, რომელიც სწრაფად და ეფექტიანად გამოძიების სავარაუდო გადაცდომებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით:
• "წარმოდგენილი კანონპროექტით აღმოიფხვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება,"რადგან ის უერთდება პროკურატურას, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით".
თუმცა, პროკურატურის მიკერძოებულობის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ხანგრძლივი კრიტიკის საგანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. მთავარ გამოწვევად დასახელებულია პროკურატურის დამოუკიდებლობა და შერჩევის პროცედურები, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული სტანდარტებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან. ,
ქართული ოცნების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება - ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების გაუქმებასა და მისი მანდატით პროკურატურის აღჭურვა, კიდევ ერთი ნაბიჯია ძალაუფლების კონცენტრაციის, რეპრესიული პოლიტიკისა და პარტიული გავლენების გაძლიერებისკენ.
"ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში წარდგენილი კიდევ ერთი ინიციირებული პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,
• საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, მეტიც, ეს ფუნქციები და ამოცანები მთელ რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება.
შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციების, ამოცანებისა და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას".
რეალურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის შეერთებით ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სადაზვერვო სამსახურების შიდა და საგარეო ფუნქციების შერწყმა ართულებს ზედამხედველობას და ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს.
საქმიანობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, უწყებები ცალ-ცალკე უნდა ფუნქციონირებდეს.
უსაფრთხოების სამსახურების დაინიციირებული მოდელი კი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლიდან დღემდე ჩამოყალიბდა დახურულ, ფართო უფლებამოსილების მქონე უწყებად, რომელიც არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ, არამედ პარტიული ინტერესების გამტარებელ ორგანოდ იქცა.
ამ ტიპის უწყებასთან დაზვერვის სამსახურის შერწყმა შეამცირებს ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის ხარისხსა და საქმიანობის ეფექტიანობას, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს". - წერია განცხადებაში.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |