ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღების ფლობის ნებართვას უუქმებს. შსს-ს წერილს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის “იარაღის შესახებ” 27-ე მუხლის “დ(5)” ნაწილის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევებში თუ: ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ვინაიდან თქვენ მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 359-3 მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გევალებათ საქართველოს კანონმდებლობით…”, – წერია მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
უწყებისგან დამატებითი დეტალებისთვის „პუბლიკა” ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას.
ქართველი მებრძოლი რატი ბურდული რუსეთში „ტერორისტებისა და ექსტრემისტების” სიაში 16 აპრილს დაამატეს – რუსული პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, რატი ბურდულს რუსეთში ბრალად ედება 2022 წლის მარტსა და 2024 წლის აგვისტოს პერიოდში უკრაინის მხარეს ბრძოლა, მას რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

