
ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ ბრალდებულ პოლიტიკოსებს, რომელთაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.
კიკნაძემ პოლიტიკოსებს სხდომათა დარბაზიდან მიმართა, სადაც ახლა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმე პოლიციელს ნიკოლოზ ხურცილავას კითხავენ. ის მოწმე იყო ზვიად ცეცხლაძისა და დანარჩენი 7 პირის გუშინდელ სასამართლო პროცესზეც.
„გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ, ყველაფერს ვიკადრებ და ვისაც მინდა დავიჭერო, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ე, მანდ ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას. ყველანაირ პატივისცემას დაკარგავენ, რაც აქამდე ჰქონდათ. ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა, მაგრამ არ ვიკადრეთ და არც ვიკადრებთ, თქვენც ნუ იკადრებთ, ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით. ციხეში მოხვედრა საერთოდ არ არის კატასტროფა, კატასტროფაა როცა ბრძოლას გაურბიხარ, მაშინ როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად. ბოლოს მოგკლავთ შეწუხებული სინდისი, სულში გაჩენილი ბზარი, ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩალურჯებული თვალი, ჩატეხილი კბილი თუ კბილები.
ახლა რაც შეეხება საქმეს, მეექვსე თვეა. დაგვატარებენ, თუ გვისჯით, მოგვისაჯეთ, თუ არადა, დაგვანახეთ, რომ სამართალი არსებობს.
მოწმე ჩვენთან კავშირში ხომ უნდა იყოს? წინა მოწმეზე ვიტყვი, მოვიდა ადამიანი, 28 ნოემბრის 23:30 საათის მერე აქციაზე არ ვყოფილვარო, ასე შეგეძლოთ პაკისტანი-ინდოეთის ომში დაზარალებული მოგეყვანათ, 29 ნოემბერს გვედავებიან ჩვენ, ეს მოწმე რა შუაშია“, - განაცხადა კიკნაძემ.
ამ წუთებში მოწმე პოლიციელს კითხვებს დაკავებულების ადვოკატები უსვამენ.
სხდომის დაწყებისას, საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ მათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დოკუმენტაცია გამოითხოვეს, რომლის მიხედვითაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი კვლავ დალუქულ მდგომარეობაშია და მასზე რაიმე სახის ზემოქმედება ვერ განხორციელდებოდა.
პროკურორის თქმით, ჭიჭინაძის კუთვნილ ტელეფონზე საექსპერტო კვლევები დაწყებული არ არის და ის ჯერ გახსნილი არაა, დალუქულია. თოდუას თქმით კი, დაცვის მხარის განცხადება, რომ მსახიობის კუთვნილი ტელეფონიდან გარკვეული ქმედებები განხორციელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა გასულ სხდომაზე მსახიობის კუთვნილ ტელეფონთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელიც მობილურ ტელეფონზე შესაძლო ჩარევასთან შეეხებოდა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |