უკრაინის უსაფრთხოება - გამოვავლინეთ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედი უნგრეთის ჯაშუშების ქსელი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ავრცელებს ცნობას, რომ გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდა.

"უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ისტორიაში პირველად გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა." - ნათქვამია განცხადებაში.

СБУ-ს განცხადების მიხედვით, ამ ქსელის მიზანი იყო შეეგროვებინათ ინფორმაცია ზაკარპატიის ოლქის სამხედრო დაცულობის შესახებ, მოეძებნათ რეგიონში სახმელეთო და საჰაერო დაუცველი წერტილები და შეესწავლათ ადგილობრივი მოსახლეობის საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებები, კერძოდ, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ რეგიონში უნგრელი სამხედროები შევიდოდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ СБУ-ს მოქმედებების შედეგად დაკავებულია უნგრული სადაზვერვო ქსელის ორი ჯაშუში. გამოძიების მტკიცებით, ორივე ფიგურანტის რეკრუტირება უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელმა მოახერხა. ეს ადამიანი СБУ-ს მიერ იდენტიფიცირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი არის 40 წლის ყოფილი სამხედრო ზაკარპატიის ბერეგივსკის რაიონიდან. СБУ-ს ცნობით, ის უნგრულმა სპეცსამსახურმა ჯერ კიდევ 2021 წელს გადაიბირა და კურატორმა 2024 წლის სექტემბერში "გააქტიურა". უწყების მიხედვით, მაშინ ამ პირმა მიიღო დავალება მოეპოვებინა შემდეგი ინფორმაცია: როგორი რეაქცია ექნებოდა ზაკარპატიის მოსახლეობას, თუ ოლქში უნგრეთის სამხედროებით დაკომპლექტებული სამშვიდობო კონტინგენტი შევიდოდა; რა სახის იარაღის შეძენა იყო შესაძლებელი ზაკარპატიის შავ ბაზარზე; როგორია რეგიონის უნგრელი მოსახლეობის მიგრაციის სიტუაცია; რამდენად დაკომპლექტებულია რეგიონის სამართალდამცველი ორგანოები და რაა მათი რაოდენობა.

СБУ-ს მტკიცებით, ამ დავალებების შესრულების შემდეგ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი პირადად ზვერავდა უკრაინის თავდაცვის ძალების განლაგებასა და С-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კომპლექსების განლაგების კოორდინატებს.

ჯაშუშობაში ბრალდებული პირი უნგრეთში გადავიდა, სადაც, СБУ-ს ცნობით, კურატორს შეგროვებული ინფორმაცია გადასცა და ანაზღაურება მიიღო. ამას გარდა, განცხადების მიხედვით, ეს ადამიანი ცდილობდა ინფორმატორთა ქსელის შექმნას და სულ მცირე ორი ადამიანის გადაბირება სურდა.

СБУ-ს ინფორმაციით, ჯაშუშობაში ბრალდებულმა პირმა 2025 წლის მარტში კურატორთან მეორეჯერ შეხვედრა შეძლო და მიიღო მობილური ტელეფონი სპეციალური საკომუნიკაციო პროგრამით. მიიღო ახალი დავალებაც, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივი თანამშრომლების საავტომობილო ნომრები მოეპოვებინა, გადაეცა ინფორმაცია ომში უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე. 

მეორე დაკავებული პირი არის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამსახური 2025 წელს დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას ევალებოდა უნგრული სპეცსამსახურების ინფორმირება ზაკარპატიის ოლქში კერძო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესახებ, ასევე ცნობები იმ სამხედრო ნაწილის თავდაცვის სისტემების შესახებ, სადაც თავად მსახურობდა.

ჯაშუშობაში ბრალდებული პირები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.



საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა