EU ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას კენჭს თვის ბოლომდე უყრის

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს ევროკომისიის ინიციატივას დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.

„ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები შემოვიღოთ“, - განაცხადა მარტა კოსმა 14 იანვარს და დასძინა:

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოსთვის უყრიან“.

2024 წლის 20 დეკემბერს, - ბრიუსელში ამ თემაზე დისკუსიების კვალდაკვალ, - ევროკომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპულ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2015 წელს მიღებული 176-ე დადგენილება სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ განმარტავს, რომ სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ორი ტიპისაა:

  1. დიპლომატიური პასპორტი;
  2. სამსახურებრივი პასპორტი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, შეზღუდვა ორივე კატეგორიის პასპორტებს ეხება.

მთავრობის 176-ე დადგენილება განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა.

დადგენილებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილებაა შეტანილი და ამჟამად იგი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს.



გერმანიის ელჩი - პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იმატებს, ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
როთი გახარიაზე თავდასხმაზე - მოვითხოვ დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების თანმიმდევრულად დასჯას
გახარიას პარტია თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს