რამდენიმე რამ ტრამპზე პუნქტებად

1. ტრამპის ამომრჩევლის ნახევარი აღიარებდა, რომ ტრამპი კლოუნია, მაგრამ არჩევნებს დომინირებდა ეკონომიკის თემა და დემოკრატების ამომრჩევლის საკმაო ნაწილიც კი აღიარებდა, რომ ეკონომიკურ საკითხებს ტრამპი უკეთ გადაწყვეტდა.

რატომ დომინირებდა ეს თემა? ბაიდენს შეხვდა "კოვიდ პახმელია", დიდი ინფლაცია, სესხზე გაზრდილი პროცენტები. ეკონომიკური მაჩვენებლები ამერიკას საუკეთესო აქვს, მაგრამ ინფლაციამ შეჭამა ეგ, ვერც სესხის პროცენტების დაწევა მოესწრო. პერცეფციამ აჯობა ციფრებს;

2. დედამიწას, და მათ შორის ამერიკას, ტვინი მოეხნა ვოუქიზმით;

3. რაც არ უნდა გახსნილი საზოგადოება იყოს, ამერიკამ უკვე მეორედ დაამტკიცა, რომ მზად არ არის ქალი პრეზიდენტის ასარჩევად. კაცთა შორის გამოკითხვებში, 18%-ით მეტი უჭერდა ტრამპს მხარს. ანუ, 59-41-ზე იყო მაჩვენებელი. მართალია ქალთა შორის 16%-იანი უპირატესობა ჰქონდა კამალას, მაგრამ თავისთავად ასეთი (ჯამში 34%-იანი) აცდენა ნიშნავს იმას, რომ ეს მძიმე საკითხია;

4. ფრიფრიპალესტაინ ხალხის საქციელის ფასს, განსაკუთრებით მიჩიგანელებისას, რომლებმაც დემოკრატებს პროტესტის ნიშნად არ მისცეს ხმა, პალესტინელები თავისი ტყავით გადაიხდიან;

5. ჯერ ბაიდენის დემენციამ მოუღო ბოლო დემოკრატების იმიჯს და მერე კამალაც ვერ გამოდგა შთაბეჭდილების მომხდენი ძლიერი ფიგურა. ის ხომ ფაქტობრივად შემთხვევით გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი. არჩევნების წინ გამოკითხვები ამბობდნენ, რომ დემოკრატთაგან ტრამპის დამარცხების შანსი მხოლოდ მიშელ ობამას ჰქონდა, რომელმაც უარი თქვა კანდიდატობაზე. თუმცა არ ვარ დარწმუნებული შავკანიანი ქალი რომ დაამარცხებდა ტრამპს. თეთრ სახლში კიდევ ერთი ობამა რომ კატასტროფა იქნებოდა ეგ ცალკე ამბავია;

6. დემოკრატიამ ვერ იპოვნა პასუხი პოპულიზმზე, ვერ აეწყო ინფორმაციულ ეპოქაზე და პოსტსიმართლის ეპოქასთან მარცხდება. არავინ იცის ამას რა ეშველება;

7. არათუ რესპუბლიკელების, არამედ "მაგა" რესპუბლიკელების ხელშია სენატი, პალატა, სასამართლო. გრძელვადიანად, აქ ყველაზე უარესი ის არის, რომ ტრამპმა დაამტკიცა - პოპულიზმი და სიგიჟე მუშაობს. ამიტომ, რესპუბლიკელები ოთხი წლის შემდეგაც "მაგა" კანდიდატს გაიყვანენ არჩევნებზე და ნახევარი ამერიკა სიგიჟეზე აეწყობა;

8. მოსალოდნელია რომ ტრამპი მთავრობას yes men-ებით დააკომპლექტებს, კონგრესიც უკიდურესად მორჩილი იქნება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ფედერალურ დონეზე მთავრობა ავტორიტარულ ტენდენციებს გაუძლებს, მაგრამ ლურჯი შტატების დემოკრატიებს ბევრი თავდაცვის მექანიზმი აქვთ და შტატებში, ობივატელის ცხოვრებაში ვერ შეაღწევს თავისუფლებების შეზღუდვა, ტრამპის 4 წელიწადში მაინც;

9. საერთაშორისო ურთიერთობებში ნეორეალიზმი გაძლიერდება. ასევე გაძლიერდება გლობალური პოპულიზმი და ტრამპის გამარჯვება გერმანიაში გააძლიერებს აფდ-ს, საფრანგეთში მარი ლე პენის გამარჯვების შანსებს და ა.შ. ამ გარემოში დასუსტდება საერთაშორისო ორგანიზაციების, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის როლი; მეორე მხრივ, გაძლიერდება გავლენის ზონებისთვის ბრძოლა. პატარა სახელმწიფოებს გაუჭირდებათ ძველებურად არსებობა, მათი სუვერენიტეტის ხარისხი დაიკლებს vis a vis დიდ მეზობელ სახელმწიფოებთან;

10. არმაგედონს და სამყაროს დასასრულს არ ველი, მაგრამ თავისუფალი ადამიანისთვის დედამიწაზე ცხოვრება ბევრად უფრო რთული გახდება (იმასაც გააჩნია სად ცხოვრობ ამ დედამიწაზე);

11. ასეთი სახადი კაცობრიობას არაერთი მოუხდია, ამერიკის იზოლაციებიც გვახსოვს და ეს თუ მხოლოდ რამდენიმეწლიანი სახადია, ჯანდაბას, იყოს.

მაგრამ მე მეშინია მომენტის, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა გადაუსწრებს ამერიკისას და ერთი დიქტატორის ხელში, ასე 10-15 წლის შემდეგ, აღმოჩნდება ყველაზე დიდი ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რომლითაც ის ნაპოლეონობას გადაწყვეტს.

ასევე მეშინია ბრიქსის კონსოლიდაციის. ორ ბანაკად სამყაროს დაჯგუფება ისტორიას ცუდად ახსოვს;

12. ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენს რეგიონში დომინანტი ძალა იქნება რუსეთი, რომელმაც დასავლეთთან ყველანაირი ბმა გაწყვიტა და ახლა ცდილობს თავისი ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ბრიქსთან ინტერაქციაზე გადააწყოს. ჩვენ გვჭირდება შევინარჩუნოთ პროდასავლური საზოგადოება, ელიტები და სახელმწიფო, მაგრამ ამავე დროს გვჭირდება მაქსიმალურად გავზარდოთ ბრიქსის ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები საქართველოში. რუსეთი თავს უფლებას ვერ მისცემს ერთდროულად აუჯანყდეს დასავლეთსაც და ბრიქსსაც. ამიტომ, რუსის ჯარის საქართველოში არდაშვებით დაინტერესებული უნდა იყვნენ ბრიქსის გლობალური და რეგიონული მოთამაშეების ეკონომიკები (ჩინეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები). ეს იქნება პოტენციური რუსული აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემაკავებელი.

ბექა კობახიძე



„თიბისი“ - სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ
ცუცქირიძე - თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს - უნდა დაისაჯონ დამნაშავეები
თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია იმართება
კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi შეიქმნა