ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტ კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს, დავით ღონღაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა  26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. 

"შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით  განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

მან IFES-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რაოდენობის შესახებ. ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის, ასევე  უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას ამ არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო პროცესს.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც დაათვალიერებინა.

გიორგი კალანდარიშვილმა მათ საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და აღნიშნა, რომ სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა