იტყუება თუ არა ხელისუფლება როცა ამბობს, რომ სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყოო

ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ისმება კითხვა იყო თუ არა შესაძლებელი სტიქიის პროგნოზირება. გარემოს ეროვნული სააგენტო საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტინს ამზადებს, სადაც, სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებს და პროგნოზებს მეცნიერულად ასაბუთებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“ ცხრა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს. თუმცა დოკუმენტი საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ.

სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებულ გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზირებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.

დღემდე არ ვიცით რა წერია, აღნიშნულ ბიულეტინში და რა პროგნოზები გაკეთდა 2023 წლისთვის. თუმცა ვიცით რა პროგნოზები იყო გაკეთებული 2022 წლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" გარემოს ეროვნული სააგენტოს უჩივლა და აიძულა 2022 წლის გეოლოგიური პროგნოზი გამექვეყნებინა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 22 თებერვლის გადმოცემული საჯარო ინფორმაცია.
სპეციალისტების მიერ შესაწვლილი იქნა: გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის. ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი. 

ბიულეტინში ხაზგასმითაა გაწერილი რომ ონის მუნიციპალიტეტში ვითარება საშიშია. გეოლოგებმა და სხვა სპეციალისტებმა მუნიციპელიტეტებს და მთავრობას ურჩიეს, რომ სოფელ ღების ტერიტორიაზე, ასევე მიმდეგაბრე ტერიტორიაზე მდინარეების რიონის, ლათქიშორას და ჩვეშურას კალაპოტების ფორმირება და ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დაწყება. 

გეოლოგიურ დასკვნასა და პროგნოზში წერია, რომ ონი-შოვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდინარე რიონის ხეობის მარჯვენა ბორტზე წარმოქმნილია მეწყერი და კლდეზვავი გვერდითი ეროზიით. 
გეოლოგიურ დასკვნაში და პროგნოზში წერია, რომ ღვარცოფული ნაკადების ფორმირება სეზონურია, წელიწადში ერთი-ორჯერ წარმოიქმნება და საშიშროების რისკი საშუალოა. ეს დასკვნა წერია 2022 წლის გეოლოგიურ პროგნოზში, თუმცა არ ვიცით რა წერია 2023 წლის პროგნოზში.

სპეციალისტები მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ, რომ მოხდეს რიონის დაღრმავება გასწორხაზოვნება, აქტიური გვერდითი ეროზიის უბანზე, ნაპირდამცავი კონსტრუქციის მოწყობა, კლდეზვაური კერის ძირში აკუმილირებული მასალის გაწმენდა-გატანა. ასევე გეოლოგები ითხოვდნენ, ფერდობსამაგრი კედლის მოწყობას.

ნინო გუჯარიძე ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება არასწორს ამბობს როცა იძახის კატაკლიზმური პროცესის პროგნოზირება შეუძლებელიაო.

"გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. 
ეს არის ამონარიდები 2021 წლის ანგარიშიდან. სამწუხაროდ, არ გაქვს 2022 წლის ანგარიში, რომელსაც სააგენტო არ გვაძლევს. სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს. 
ახლა მაია ბითაძეს ვუსმინე, შოვში არანაირი რისკი არასოდეს არ არსებობდაო, ხოდა რა ვიცი აბა, რისთვის იწერება ეს ანგარიშები?!" - ამბობს, ნინო გუჯარიძე.

სეისმოლოგი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს გეოლოგიური სამსახური.

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამშენებლო, კრიმინალური ქმედება ამ ქვეყანაში. ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს გეოლოგიური სამსახური. გეოლოგის თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი პროექტი! გეოლოგებს უნდა ზრდიდეს ქვეყანა. პირიქითაა, აქეთ გვებრძვიან.
 პროფესიონალ გეოლოგებს ვგულისხმობ, თორემ 300 ლარადაა ყალბი დასკვნები გაცემული სამშენებლო ნებართვებზე. - აცხადებს თეა გოდოლაძე.

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. 


 



ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
კობახიძე - აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო