თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, სექტემბრის მაკროეკონომიკური სურათი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესი კვლავ აქტიურ ფაზაშია, თუმცა თვიურ ჭრილში გარკვეული შენელების ნიშნებიც ჩანს. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, ხოლო თვიური, სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი 2.8%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციური ზეწოლა, მიუხედავად გარკვეული სტაბილიზაციისა, კვლავ მნიშვნელოვნად მოქმედებს ეკონომიკაზე. მიმოხილვის თანახმად, ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება, მაშინ როცა იმპორტირებული საქონლის ფასები პირიქით, კლების ტენდენციას აჩვენებს. ამასთან, ლარზე მოქმედი ფაქტორების დინამიკა შერეულია - სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერი რჩება, თუმცა დეპოზიტების ლარიზაციის ზრდა შენელებულია, რაც ეროვნულ ვალუტაზე წნეხის ნაწილობრივ შესუსტებას ნიშნავს.
თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური მიმოხილვა:
"სექტემბერში წლიური ინფლაცია, თიბისი კაპიტალის პროგნოზის შესაბამისად, 4.8%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა. ბოლო სამი თვის საშუალო გაწლიურებული თვიური ინფლაცია 3.1%-ია, რაც თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის შენელებაზე მიუთითებს. შედარებისთვის, წლის პირველ ნახევარში აღნიშნული მაჩვენებელი 5.3%-ს აღწევდა.
ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორებიდან, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში კიდევ ერთხელ შემცირდა ინტერნეტის გადასახდელი (თვიურად 15.6%-ით), რამაც როგორც თვიური, ასევე წლიური ინფლაცია, დაახლოებით, 0.15 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. საპირისპიროდ, წლის დასაწყისში სიგარეტისა (+0.2 პპ) და მარტი-აპრილის პერიოდში პურის (+0.6 პპ) ფასის ზრდა, საბაზო ეფექტების ამოწურვამდე, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებას განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პურის ფასი ბოლო დღეებში მცირედით კვლავ გაიზარდა, რაც ოქტომბრის ინფლაციაში აისახება. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ინფლაცია ოქტომბერში 5%-ს გადააჭარბებს, დარჩენილ ორ თვეში კი, საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შემცირდება და წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. რაც შეეხება მომდევნო წელს, მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია პურზე ფასის მატების საბაზო ეფექტის ამოწურვამდე 4%-ზე მაღალი დარჩება, შემდგომ კი შენელდება და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
ინფლაციის დინამიკისთვის, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაცვლითი კურსის ცვლილებას. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ინფლაციის აჩქარება ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებზე მზარდი ფასებითაა განპირობებული, ხოლო იმპორტული ინფლაცია უარყოფითია. ამდენად, სურათი განსხვავებულია 2021-2022 წლების ეპიზოდისგან, როდესაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იმპორტული საქონელი იყო. თავის მხრივ, ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებში ინფლაციური ზეწოლის მხრივ საკვების ფასები გამოირჩევა, რაც როგორც შიდა (ნაკლები მოსავალი), ასევე საგარეო (სურსათის ფასების გლობალური ზრდა) ფაქტორებით არის განპირობებული. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, სურსათზე გლობალური ფასები შედარებით დასტაბილურებულია, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, გარკვეული პერიოდის შემდგომ ადგილობრივ ფასებსაც გადმოეცემა. აგრეთვე, ყურადსაღებია, რომ იმპორტული პროდუქტების დეფლაცია საწვავზე ფასების კლების შედეგია, რის გარეშეც იმპორტული ინფლაცია მცირედით, მაგრამ მაინც დადებითი იქნებოდა. როგორც ადრეც აღინიშნა, მოცემული წყაროდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, დღის წესრიგში ლარის დამატებით გამყარება დადგება.
ამასთან, ამ კუთხით, როგორ შეიცვალა ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების დინამიკა? სექტემბრის წმინდა სავალუტო შემოდინებები, აგვისტოს მნიშვნელოვანი ზრდის შემდგომ, მცირედით შენელდა, თუმცა კვლავ ძლიერია. ამდენად, თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეინვესტიციის გარეშე მიმდინარე ანგარიშის მეორე კვარტლის პროფიციტი, სავარაუდოდ, მესამე კვარტალშიც შენარჩუნდება. წმინდა სავალუტო შემოდინებების ზრდას დიდწილად საქონლის ვაჭრობის ბალანსი განაპირობებს - სექტემბერში, ექსპორტის 14.2%-იანი წლიური ზრდისა და იმპორტის 0.2%-იანი შენელების ფონზე, სავაჭრო დეფიციტი 11%-ით შემცირდა. ამავდროულად, 13.7%-მდე აჩქარდა სწრაფი ფულადი გზავნილების წლიური ზრდის ტემპი, ძირითადად კვლავ ევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხვების შედეგად, ხოლო არარეზიდენტების ხარჯვის დინამიკა ტურიზმიდან შემოსავლების შედარებით მოკრძალებულ ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სექტემბრისა და ოქტომბრის მაჩვენებლები გარკვეულ აჩქარებას აჩვენებს.
საპირისპიროდ, დეპოზიტების ლარიზაცია, რომელიც წლის დასაწყისიდან გააქტიურებული იყო და ლარის მხარდამჭერ ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს წარმოადგენდა, ივლისის შემდეგ, ფაქტობრივად, უცვლელ დონეზე ნარჩუნდება, გარკვეული მერყეობებით. ჯამურად, ლარზე მოქმედი ფაქტორების საერთო დინამიკიდან ბოლო პერიოდში, მანამდე გამყარების ზეწოლის საპირისპიროდ, შედარებით შერეული სურათი იკვეთება. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობით, თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ლარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.
მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან აშშ დოლარის შესყიდვის კუთხით სავალუტო ინტერვენციები სექტემბერში უკვე შედარებით მცირე მოცულობის, თუმცა მაინც დადებითი იქნება, უფრო მეტად თვის პირველი ნახევრის ხარჯზე, ხოლო ოქტომბერში, სავარაუდოდ, ასევე შენელდება. არსებული შეფასებით, წლის დასაწყისიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით სებ-მა დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა. სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 5.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ნაშთზე 224 მილიონი აშშ დოლარით მეტია.
სხვა მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში საშუალო ხელფასის წლიური ზრდის ტემპი, მოლოდინების შესაბამისად, შენელებულია, თუმცა შედარებით მაღალი რჩება და 10.3%-ით განისაზღვრება,"- ნათქვამია დოკუმენტში.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
| ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
| ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
| რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
| ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |

