მითი ტრანსგენდერ მოკვივეზე ანუ როგორ ავრცელებენ ტყუილს დასავლელი ულტრამემარჯვენეები

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტრანსგენდერმა მოკრივემ ქალი დაამარცხა. რასაც ილონ მასკიდან დაწყებული იტალიის ოჯახის მინისტრამდე დამთავრებული ყველა გამოეხმაურა. რა თქმა უნდა, მთავარი შინაარსი ის იყო რომ დასავლეთი გაგიჟდა, მას გეები მართავენ, ჯერ ქრისტე გააშარჟეს და ახლა ტრანსგენდერებს გვასვამენ თავზე და ა.შ.

რეალურად: პარიზის ოლიმპიადაზე ერთი ტრანსგენდერიც კი არ მონაწილეობს, ხოლო იმანე ხელიფი, რომელიც ოლიმპიადაზე ალჟირს წარმოადგენს, არის ბიოლოგიურად ქალი, ყოველი შემთხვევისათვის ნამდვილად არ არის ტრანსგენდერი.

სპეკულაციებისთვის სივრცე გააჩინა IBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაცია) გადაწყვეტილებამ, რომელმაც 2023 წელს არ დაუშვა ჩემპიონატზე იმანე, მიზეზად სამედიცინო მდგომარეობა დაასახელა, კონკრეტულად ტესტესტერონის მაღალი დონე. მიუხედავად ამისა, იმანე მონაწილეობდა ამავე ჩემპიონატში 2018 და 2019 წლებში და დაიკავა მე-17 და 33-ე ადგილები. ასევე, მან მონაწილეობა მიიღო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც შთამბეჭდავი შედეგები არ ჰქონია. ყველა ამ ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე ის იყო ქალი, მაგრამ ახლა გახდა ტრანსგენდერი, რადგან ასე დასჭირდა პოლიტიკურ მოცემულობას.

თამაშებში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები გადიან სქესის დადგენის ტესტს (gender eligibility test), რის შემდეგაც ეძლევათ მათ ასპარეზობის უფლება. იმანემ IBA-ს შემოწმება 2018-19 წლებში გაიარა, 2023 წელს ვერა, თუმცა ასოციაციას დეტალები არ გაუვრცელებია.

არსებობს ვარაუდი რომ იმანე არის ინტერსექსი. მოსახლეობის დაახლოებით 1% არის ინტერსექსი, რაც აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ანატომიაში აქვთ ისეთი ვარიაციები, რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც ტრადიციულად „ქალად“ ან „კაცად“ მიიჩნევა. ეს ბიოლოგიური და ანატომიური მოცემულობაა და იმედია ამაზე მაინც არ იტყვიან ვიღაცები რომ ლიბერალების მოგონილია. იმანეს ტესტი წელს პარიზის კრივის განყოფილებამ ჩაიბარა, რადგან IBA, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, აღარ არის აღიარებული ოლიმპიადის კომიტეტის მიერ. ამ განყოფილებამ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია და მას ასპარეზობის უფლება აქვს.

ალჟირის ტრანსგენდერი წარმომადგენელი არის ერთ წინადადებიანი ხუმრობა, ამ ქვეყანაში ლგბტქ+ თემი კრიმინალიზებულია. გარდა ამისა, იმანე ხელიფის კარიერა და მისი მიღწევები საეჭვოს ხდის მის რაიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სხვა ქალებთან მიმართებაში. მხოლოდ იტალიელი მოკრივის მიერ დადგმული დრამა და განცხადება, რომ მას ძალიან ეტკინა, არ და ვერ იქნება იმის მტკიცებულება რომ იმანეს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს გამომდინარე მისი ბიოლოგიური და ანატომიური მდგომარეობიდან.

მოკლედ, ალჟირელი მოკრივის სამედიცინო მდგომარეობა მსოფლიოს განსახილველი გახდა და პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენეს რადიკალმა მემარჯვენეებმა, ეს არის “საიდუმლო სერობის გაშარჟების” გაგრძელება, სამიზნეშია ამოღებული პარიზის ოლიმპიადა, საფრანგეთი და ზოგადად დასავლური ღირებულებები, რომლებსაც შიგნიდან პოპულისტი პოლიტიკოსები ანგრევენ, ხოლო გარედან რუსულ-ჩინურ-ირანული პროპაგანდა.

ვინ არის ქალი, ხოლო ვინ კაცი და რა კრიტერიუმები განსაზღვრავენ ამას, რამდენია ტესტესტერონის დასაშვები ნორმა, სად უნდა იასპარეზონ ინტერსექსმა და ტრანსგენდერმა ადამიანებმა - ეს კომპლექსური საკითხია და სპორტული სამყარო ამას თავად დაარეგულირებს. რეგულაციათა ნაწილი უკვე არსებობს. ეს ნამდვილად არ არის პოლიტიკური საკითხი, თუმცა მას ძალიან კარგად იყენებენ და სარგებელსაც მიიღებენ, რადგან ამ პოსტს ასი კაცი წაიკითხავს, ხოლო სათაურს რომ ტრანსგენდერმა პარიზის ოლიმპიადაზე ქალი დაჩაგრა და დასავლეთი გაგიჟდა - მილიონობით.

თანამედროვე დროში ინფორმაცია არის იარაღი და მასთან მოპყრობა უნდა ვისწავლოთ. უამრავი პოლიტიკოსი, პარტია და დესპოტური სახელმწიფო აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, ავრცელებს სიძულვილს, ქმნის აპოკალიპტურ განწყობებს და შეშინებული ადამიანებით ცდილობს გავლენის გაფართოებას.

გიორგი ჟღენტი 



ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
ცესკოში გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ცესკო - ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში ფარულობა სრულად დაცული იყო
თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა