„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. მხარეთა შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ოფიციალური ცერემონია BTU-ში გაიმართა, სადაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ეკატერინე ქავთარაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა BTU-ს კამპუსი დაათვალიერეს, გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება - BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან.

BTU-სთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“.

საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“.

ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ.

პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.

აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 



საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა