თეონა აქუბარდია ფრენებზე - ეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი გამოხატულებაა

1-ელი მაისიდან რუსეთი სრულიად უკანონოდ რეგულარულ სამგზავრო ავიამიმოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, სოხუმის აეროპორტში, რომელსაც 2006 წლიდან საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია - ეს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი გამოხატულებაა,- ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ავიამიმოსვლის დაწყებას.

თეონა აქუბარდიას განმარტებით, „ქართული ოცნება“ ამ ფაქტს „ჩუმი თანხმობით ხვდება“, ამიტომ აქუბარდია, მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომ შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული აღნიშნული ნაბიჯი.

„ეს [ფრენების დაწყება] ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი, დამატებითი გამოხატულებაა, თუმცა მაშინ, როდესაც ივანიშვილის „ოცნება“ დასავლეთს და გამოგონილ „გლობალური ომის პარტიას“ უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის განმტკიცების თუ დაცვის ირგვლივ!

ბუნებრივია, ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას „ოცნება“ ჩუმი თანხმობით ხვდება, რამდენადაც დღემდე არცერთი საჯარო განცხადებით დაგმობა არ მოუხდენია მაკა ბოჭორიშვილს და არც ერთხელ საჯაროდ არ მიუმართავს ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისთვის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად!

მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება საგარეოს დუმილის ფონზე არაფერია, მით უფრო მაშინ, როცა ირღვევა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტური და ძირითად პრინციპები და როცა საქართველოს შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმები ნამდვილი სუვერენიტეტის დასაცავად.

თუმცა, აგერ, უკვე ორი წელია უშედეგოდ ვითხოვ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას პოლიტიკური პარტიისგან, რომელმაც ამ ნამდვილი სუვერენიტეტის მხარდამჭერი მეგობრები მტრად შერაცხა და ამით დაადგა გზას, სადაც მხოლოდ პარტიის სუვერენიტეტს იცავს ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

მივმართავ საქართველოში დასავლეთის ქვეყნების აკრედიტებულ საელჩოებს, მიუხედავად საგარეო უწყების დუმილისა, შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული ეს ახალი განზომილება.

მივმართავ ყველა ჩვენს იმ თანამოქალაქეს, ვისთვისაც საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული ინტერესია, დაინახონ სხვაობა პარტიისა და ქვეყნის სუვერენიტეტს შორის. დავდგეთ ერთად და ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად ისე როგორც ეს საქართველოს მხრიდან არაერთგზის საჯაროდაა გაცხადებული დავიცვათ საქართველოს ერთიანობა, დემოკრატია და ევროპული მომავალი, რომელიც ამ ერთიანობის საუკეთესო შესაძლებლობაა“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.



დონალდ ტრამპმა NPR-სა და PBS-ს ფედერალური დაფინანსება შეუწყვიტა
სუს-მა ტერორისტული ორგანიზაციის წევრი დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ევროკომისიის პრესმდივანი - მინერალების შესახებ უკრაინისა და აშშ-ს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას და არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - Fulbright-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო