მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა - ანდროს დაკავება არის საჩვენებელი დასჯა - ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამის, ოთარ ჭიჭინაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავება საჩვენებელი დასჯაა.

როგორც ოთარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, მისი შვილი აკეთებს იმას, რისიც სჯერა.

„დაახლოებით 19:00 საათისთვის მოვიდნენ. იყო ზარი კარებზე, რომელიც თვითონ ანდრომ გააღო და პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ. შემოვიდნენ სახლში. გვითხრეს, რომ ნერვიულობა არ იყო საჭირო. შევედით ოთახში და გვითხრეს, რომ ანდროს ბრალი ედებოდა ჯგუფური ძალადობის მუხლით. შეადგინეს დაკავების აქტი. ანდროს წარუდგინეს ბრალეულობა. წარადგინეს სასამართლოს განჩინება. ძალიან დიდხანს იყო საუბარი ანდროსა და პოლიციელებს შორის. ასეთი კითხვები იყო: აქციებზე მისი ყოფნა რა მიზნებს ემსახურება, მოსწონს თუ არა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალება, ფოიერვერკებსა და ლაზერებზე იყო საუბარი, ანდრო პასუხობდა ჩვეულებრივად.

დაძაბულობის მომენტი აბსოლუტურად არ იყო. ბრალეულობის წარდგენის შემდეგ მას დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს. ისინი დიდხანს იყვნენ აქ და მე როგორც მივხვდი, ტელევიზიების მოსვლას ელოდებოდნენ, რომ დაეფიქსირებინათ ანდროს დაკავება. მე ჩავედი და კარი გავუღე ოპერატორს, ამოვიყვანე და რომ ვკითხე, ვინ იყო, „იმედის“ ოპერატორი ვარო. რა თქმა უნდა, აქციაზე ანდროს იქ დგომა პრობლემაა მაგათთვის. რადგან ანდრო ცნობადი სახეა, უნდა დაისაჯოს, ასე მიიჩნევენ, საჩვენებელი დასჯის მომენტია. მე ყოველთვის ამაყი ვარ ჩემი შვილით, რაც არ უნდა გააკეთოს. ცუდს ის არასდროს გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ.

მე ამაყი ვარ ანდროთი, ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა. სჯერა სამართლიანობის, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო. გაბედავს თუ არა ეს რეჟიმი მის ციხეში გაშვებას? ყველაფერია მათგან მოსალოდნელი. როდესაც შემოვიდნენ, დაძაბულობა არ შექმნილა. რა თქმა უნდა, ყველა ნერვიულობდა, იქ ვიყავი, მაგრამ მათი ქცევიდან დაძაბულობა არ ყოფილა. კორექტულ ფარგლებში იყვნენ“,- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ „მთავარ არხთან“.

შეგახსენებთ, გუშინ 5 დეკემბერს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა აწარმოეს. რის შემდეგაც ჭიჭინაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. პოლიციამ მსახიობი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ანდრო ჭიჭინაძე და მასთან ერთად დაკავებული 4 პირი „რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა