საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ გამორჩეული წევრია, რომელმაც „ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენი პოლიტიკური პარტია - „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე, იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოდგენილი იქნება მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა...

პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29  დეკემბერს  შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან, წარსულს ჩაბარდება საქართველოს  პრეზიდენტის მიერ  ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს  უდიდესი  ზიანი მიაყენა. 

ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება  არა უცხოური ძალის, არამედ, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში.

მიხეილ ყაველაშვილს მინდა ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი შედის.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.



Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი აფინანსებს გადატრიალების გეგმას ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში
პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა