შსს - ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის არის დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლის, მარი იაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, უჩა აბაშიძემ მეუღლესთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

„მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამეტის ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 9 მაისს, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებულ უ.ა.-ს და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფ, 1987 წელს დაბადებულ მ.ი.-ს საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.მ.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

აღნიშნულის მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.

ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.

ამასთანავე, მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება.

მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.

სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, თბილისში, აბაშიძის 22 ნომერში მდებარე უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო:

მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა , ოპტიკა და ა.შ.

პოლიციამ უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.

საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

რაც შეეხება უ.ა.-ს მეუღლეს, მისი საცხოვრებელი ბინიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც უ.ა.-ს კომპიუტერულ ტექნიკაში,

ასევე, მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.



ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
კობახიძე - აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო