Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდო ბანკმა World’s Best Digital Banks 2026-ის ფარგლებში მიიღო.

საქართველოს ბანკისთვის სოციალური მედია მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი არხია. ბანკის მიერ დანერგილი სისტემების საშუალებით შესაძლებელია სოციალური მედიის გავლენის გაზომვა მომხმარებლის პირველი ინტერაქციიდან კონკრეტული საბანკო პროდუქტის გამოყენებამდე.

ამასთან, სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდში დანერგილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის სისტემა, რომელიც ბანკს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად მოერგოს სოციალური მედიის პლატფორმებისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებებს და შექმნას სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი.

„ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს მიდგომას, რომელსაც წლებია, ვავითარებთ. სოციალური მედია ჩვენთვის მხოლოდ საკომუნიკაციო არხი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც კონტენტი, მონაცემები და მომხმარებლის გამოცდილება ერთიანდება და საბოლოოდ გაზომვად ბიზნესშედეგს ქმნის. მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, გავიგოთ მათი საჭიროებები და შევქმნათ მათზე მორგებული კონტენტი.

ჩემთვის ჯილდოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის გუნდია, რომელიც ამ შედეგის უკან დგას. გუნდი, რომელიც დაუღალავი შრომით, წლებია, ქმნის სოციალური მედიის სტანდარტს ქვეყანაში და თავადვე ცდილობს მის კიდევ უფრო მაღლა აწევას. მიუხედავად დაგროვილი გამოცდილებისა და კომპეტენციისა, მუდმივად ვეძებთ სიახლეს, ვსწავლობთ და ვვითარდებით, რათა ყოველი შემდეგი შედეგი წინაზე უკეთესი იყოს. Global Finance-ის ეს ჯილდო სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდების ერთობლივი შრომის საერთაშორისო აღიარება და მოტივაციაა, რომ მიღწეულზე არ გავჩერდეთ“, - განაცხადა ნინუცა ოქროპირიძემ, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა.

Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ფასდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ციფრული ინიციატივებით მიღებული ხელშესახები სარგებელი და ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.

გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. 1987 წელს დაარსებული Global Finance 196 ქვეყანაში 50 000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და რეგულარულად ავლენს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების პროვაიდერებს მსოფლიოს მასშტაბით.



აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა