საქსტატი: საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია

საქსტატმა 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საარსებო მინიმუმის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი თვეში 100 დოლარზე ნაკლებია და 255 ლარს შეადგენს (94 დოლარი თვეში).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 23 ლარით, ანუ 10%-ით, არის გაზრდილი.

საქსტატი ამჟამად ორი ტიპის საარსებო მინიმუმს აქვეყნებს, ესაა საშუალო მცხოვრებლის საარსებო მინიმუმი, რაც მეთოდოლოგიის მიხედვით 255 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, რაც 288 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წლიურად ასევე 10%-ით, ანუ 26 ლარით არის გაზრდილი.

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმში არ შედის საცხოვრებლის ღირებულება, კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. ასევე არ შედის ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯები. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:

პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
ლობიო - თვეში 600 გრამი;
ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
მაკარონი - თვეში 450 გრამი;
ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
ძეხვი - თვეში 300 გრამი;
კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;
მაწონი - თვეში 750 გრამი
სრული რაციონი იხილეთ ბმულზე.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა.



გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
„თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა
საქსტატი: საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია