ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, საქართველოს თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო, რომელიც თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომის და გურჯაანის თოჯინების თეატრებს აერთიანებს.
ყოველი სეზონი განსაკუთრებული და გამორჩეულია მაყურებლისთვის, წლევანდელი სეზონიც შთამბეჭდავი პროექტებით დაიწყო. სხვადასხვა რეგიონში უკვე შედგა პრემიერა. ქუთაისში მე-80 სეზონი „ქაღალდის ჩიტის“ პრემიერით გაიხსნა. ახალციხის თეატრმა ახალი სეზონი სპექტაკლით „უღუ და თეთ“ გახსნა. თბილისის თოჯინების თეატრში კი 93-ე სეზონი გაიხსნა და მაყურებელმა რეჟისორ გიორგი ჭანტურიას სპექტაკლი „თოვლის გუნდა“ იხილა.
ახალი სეზონი, ახალი ისტორიებით, პერსონაჟებითა და ჯადოსნური სამყაროთი არის დატვირთული. ამჟამად რეგიონებში მიმდინარეობს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების კვირეული, რომლის მიზანიც გაერთიანებაში შემავალი თეატრების მაყურებლისთვის გაცნობა და მათი შემოქმედებითი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაა. კვირეულის ფარგლებში გურჯაანში შედგა ქუთაისის თეატრის სპექტაკლი „ცისფერი კოცონი“, რომელმაც მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. თოჯინების თეატრების გაერთიანების კვირეული გაგრძელდება ქუთაისსა და ახალციხეში. უახლოეს მომავალში პრემიერები იგეგმება თბილისშიც, კერძოდ, გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლ „სალამურას“ და საბა ასლამაზაშვილის “გველის მჭამელს“ იხილავს მოზარდი მაყურებელი.
ბაზისბანკისთვის ქართული თეატრის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი არის მარჯანიშვილის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის და „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორი.

