საგამოძიებო - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დავაკავეთ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა - გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმელის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. რამოდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და  სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, პარალელურად დაზარალებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო და დაზარალებულ მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადმოიბარა და ხელახალი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში სამსახურმა საქმეში უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი გარემოებების დადგენა უზრუნველყო, რა მიზნითაც ჩატარდა კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, მოძიებულ იქნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშნელოვანი დოკუმენტაცია.

შესაბამისად, ხელახლა ნაწარმოები გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ., რომელმაც პოლიციის რიგები 2021 წელს დატოვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების უფლებამოსილება მიენიჭა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწორედ კანონმდებლობით მონიჭებული და გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლო აღნიშნულ საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარება და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულება",- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.



პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა​
შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის 100%-ანი ან ნაწილობრივი დაფინანსება „საქართველოს ბანკისგან“
აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს