„ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები“ - ომბუდსმენმა კომიტეტს წლიური ანგარიში წარუდგინა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს. 

აპარატის ცნობით, ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

"წლებია გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები; დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.

აუცილებელია, დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის. 

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები",- ნათქვამია აპარატის ინფორმაციაში.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?