„თეგეტა მოტორსმა“, Bridgestone-თან თანამშრომლობით, საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ წამოიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებზეა ორიენტირებული. კამპანიის ფარგლებში, ტრენინგებში სამი სკოლის - „21-ე საუკუნის“, „ლოგოსისა“ და „ბაქსვუდის“ - დაახლოებით 220 ბავშვი ჩაერთო.
კამპანია აპრილში დაიწყო, სასკოლო აქტივობები კი მაისისა და ივნისის განმავლობაში გადანაწილდა. პროექტი მიზნად ისახავს, ბავშვები საგზაო მოძრაობის წესებს, საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხო გადაადგილების პრინციპებს მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნონ. ტრენინგების კონცეფცია Bridgestone-ის გლობალური ინიციატივის საფუძველზე ქართულ რეალობასთან ადაპტირდა.

ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანიის ფარგლებში, სკოლებში უსაფრთხოების ტრენინგები გავმართეთ, რომლებსაც პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო რამდენიმე სპიკერი, რომლებმაც ბავშვებთან უსაფრთხოებაზე, საგზაო ნიშნებსა და გზის გადაკვეთის წესებზე ისაუბრეს. ვაჩვენეთ თემატური ვიდეო, რასაც სპიკერების ახსნა-განმარტება მოჰყვებოდა, შემდეგ კი მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
გვინდა, ბავშვებამდე მივიტანოთ მესიჯი, რომ ზებრა და შუქნიშანი არ ნიშნავს გარანტირებულ უსაფრთხოებას. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ - დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში გზის გადაკვეთამდე და დავიცვათ საგზაო წესები. ახლანდელი თაობა სულ უფრო დამოუკიდებლად გადაადგილდება ქუჩებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უკვე 30 წელია, „თეგეტა“ საუბრობს და ზრუნავს უსაფრთხოებაზე. წელს განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზიარება ყველას მხრიდან - როგორც მძღოლის, ისე ქვეითის“.

საგზაო უსაფრთხოება „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საგზაო უსაფრთხოება ცალკეული აქციებითა და კამპანიებით არ მიიღწევა - ეს არის კულტურა, რომელიც ბავშვობიდან უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ „თეგეტაში“ წლების განმავლობაში სისტემურად ვმუშაობთ ამ კულტურის დასამკვიდრებლად. ამჯერად, ახალ თაობას მათთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით, რა წესები არსებობს, როგორ უნდა დაიცვან და რა საფრთხეებია გზაზე.
ჩვენი ხედვით, ცვლილება იქ იწყება, სადაც მომავალი თაობა იზრდება - სკოლასა თუ ოჯახში. თუ ბავშვი დაწყებითი კლასებიდანვე ისწავლის წესების დაცვას, საფრთხის შეფასებასა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, ის მომავალში იქნება როგორც გონიერი ქვეითი, ისე გონიერი მძღოლი. სამწუხაროდ, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საგზაო კულტურის დეფიციტს ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგებამდეც მივყავართ. ამიტომ ცნობიერების ამაღლება არ არის არჩევანი - ეს არის აუცილებლობა.
ამ მიდგომით ვირჩევთ პარტნიორებსაც: Bridgestone-ის ღირებულებებიც სწორედ უსაფრთხოებას ეფუძნება და მისი CSR სტრატეგია სრულად ეხმიანება ჩვენს ხედვას. ერთად მუშაობით ვცდილობთ, რომ თითოეულ ბავშვამდე მივიტანოთ მთავარი მესიჯი - როცა გზაზე ხარ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ, დავიცვათ წესები და გავიაროთ მეტი უსაფრთხოდ“.

ტრენინგების გარდა, კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლის ეზოებში დახატული საგანმანათლებლო თამაში - „კლასობანას“ მსგავსი ინტერაქცია, რომელიც სპეციალურად უსაფრთხოების თემაზეა მორგებული და შესაბამისი ინსტრუქციით არის აღჭურვილი. ეზოში დახატული თამაში სკოლებში დარჩება. გარდა ამისა, მონაწილე ბავშვებს კამპანიის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
კამპანია „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ კომპლექსურია და მოიცავს როგორც მძღოლების, ისე ქვეითების უსაფრთხოებას. პროექტი „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ქალაქში მოძრავი დიდი ზომის საბურავისა და აკუმულატორის ინსტალაციებსა და სხვა ტიპის აქტივობებს მოიცავს და ხაზს უსვამს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მნიშვნელობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

