ქარტია - TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ,,ოცნებას" ვაკისრებთ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ქარტია თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.

ინციდენტს ასევე გამოეხმაურა მედიაობმუდსმენიც, რომელმაც შეტყობინებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მედიაომბუდსმენი მოითხოვს, "დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სათანადოდ დაისჯონ ქალ ჟურნალისტზე თავდასხმაში მონაწილე პირები".

TV პირველის ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს თავს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაესხა თავს.

"ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა". - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

ქარტიის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა ფიზიკური შეურაცხყოფისა და აპარატურის განზრახ დაზიანებით ხდება. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

"თავდამსხმელის  ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს". - აღნიშნავს ქარტია.

მედიაომბუდსმენის ცნობით, მაკასარაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, არაერთხელ გახდა სამიზნე.

"მედიაომბუდსმენი ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოადგენს ჟურნალისტის ინტერესს. მარიამის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზე ამ დრომდე გამოძიება/გამოძიებები დასრულებული არ არის". - წერს ორგანიზაცია.



ქარტია - TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ,,ოცნებას" ვაკისრებთ
ანდრეი სიბიგა - რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას
ნოდარ მელაძე - გიორგი შინჯიკაშვილის მამა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ლევან სანიკიძე ადგილობრივ არჩევნებზე - თუ არსებული სტატუს-კვო არ შეიცვალა, ეს არის მხოლოდ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა