ჭიათურაში მაღაროელთა აქცია გრძელდება

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ოთხ დაკავებულ მაღაროელს და იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოლიდარობის ნიშნად, დღეს ჭიათურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ, აქციას შეუერთდნენ ადგილობრივებიც.

აქციაზე მაღაროელებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შავი პიარის აგორება მიმდინარეობს. აქციაზე გამომსვლელებმა ასევე არ გამორიცხეს, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თვითდაზიანება მიიყენა, რათა შემდეგ პროტესტის აქტივისტები დაეკავებინათ.

ჭიათურის ცენტრში მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ჭიათურაში 28 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოთხი დაკავებული მაღაროელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.



მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
Forbes Spain Travel-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა