გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი 11 მარტს მიესალმა აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი 11 მარტს მიესალმა აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინული მხარე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა. მან აღნიშნა, რომ ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, შეწყდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები.

"როგორც ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებმა თქვეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა". - განაცხადა სტარმერმა. მან ასევე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, "შესანიშნავი მიღწევისთვის" მიულოცა.

"რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და ბრძოლაც დაამთავროს". - წერს სტარმერი.

ამას გარდა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა აღნიშნა, რომ 15 მარტს მსოფლიო ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც ბრიტანეთი უმასპინძლებს, მომდევნო ნაბიჯების განსახილველად გამოიყენებს. "ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ ომის სამართლიანი და სამუდამო გზით დამთავრებაში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, საკუთარი თავისუფლებით ისარგებლოს". - თქვა მან. 

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს.

ცნობისთვის, მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა